Tuesday, 20 June 2017

ილია 180

1.       ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს. ერთ სანთზე რომ  ათას სხვა სანთელს მოუკიდო. ამით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე და არც სიცხოველე,  პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს.

2.       ცოდნა იმითაა კიდევ კარგი, რომ იმან უფროს-უმცროსობა  არ იცის....  ყველას ერთნაირად  მოუხდება, ყველას ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე, ოღონდ კი კაცი გულმონდობილი და მოწადინებული მივიდეს  ცოდნის კარამდის.


3.       ცოდნა თავისთავად სიმდიდრე არის, მერე იმისთანა სიმდიდრე, რომ კაცი საცა  წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერცა ვინ მოჰპარავს, ვერცა წინ გადაუდგება.

4.     ცოდნა სანთელს ერთ რამეში არ გავს.სანთელი შეიძლება ჩაქრეს,ხოლო ცოდნა კი არასოდეს ჩაქრება. იგი მამიდან შვილზე, შვილიდან შვილიშვილზე გადადის და უფრო ძლიერდება.

5.       ვინც კაცად არ ვარგა, ის არც მამად ივარგებს, არც დედად და არც სხვა რამედ. იმიტომ, რომ მამობა და დედობა ადამიანური, მარტო შვილების გამრავლება და ძუძუს წოვება არ არის.

6.       ტანთ მოიკელ, ფეხთ მოიკელ, მშიერ-მწყურვალი იარე და ნუ ჩადგები კი ჯერ შვილისა და მერე ქვეყნის ცოდვაში.


7.       ქვეყანა ტაძარი კი არ არის, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს.

8.      ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კარგი კაცობით არის ნაშოვნი.


9.       ყველა კაცმა რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებელიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურები აღარ იქნებოდნენ.

10.   ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი უწინდელს. კანონი განვითარებისა და ბედნიერებისა სწორედ ამაშია და სხვა არაფერში.



11.        ვაჟკაცად იმას არ ვაქებ, 
ვინცა სისხლისა მღვრელია,
 ვაჟკაცად იგი მიქია,
ვინც უბედურთა მხსნელია.

12.        ამოწვდილ ხმალსა მტრისასა,
 წინ მიაგებე ფარიო,
 დროზე ნახმარი ფარიცა
 იგივე ხმალი არისო.

13.        სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლის ზღვასაო,
 სულგრძელობითა ძლევა სჯობს,
 ვაჟკაცობითა ძლევითა.

14.   ღონიერი და ჭირთამძლეველი ის არის, ვისაც ჭკუა გონებით მოურთავს, ცოდნით    აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია.

15.    უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმოდ გრძელი არ არის.


16.        მას დედის ძუძუ ტკბილი
 შხამადაც შერგებია,
მამულისათვის სიკვდილი
 ვისაც დასზარებია.

17.        მაშ , მამულს თავი შევწიროთ  
 საშველად, გამოსახსნელად
 თუ მისთვის დავიხოცებით
 ჩვენ ის გვეყოფა სახელად.

18.   ნეტავი იმას, ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნის დროს გვწვრთნის ჩვენ, არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაც.

19.   დიდი ილია, არა მარტო ჩვენთან ყოფნის დროს გვწვრთნიდა, არამედ ახლაც, მისი  ჩვენთან არ ყოფნის 110 წლის მანძილზე გვზრდის და გვავაჟკაცებს, გვამაღლებს და გვაადამიანებს.


20.   მაშ, ეს საღამო იყოს საგალობელი და სამადლობელი 180 წლის ბრძენკაცისა, ერის მოძღვრისა და ტკივილთა დასტაქრისა. ჩვენც 180 წმინდა სანთელი ავუნთოთ ერის ჭეშმარიტ მამას - სიმბოლოდ 180 წმინდა წლისა.

----------------------------------------------------------------------------------------------------------

21.   ყოველ ერს აქვს თავისი წმინდათაწმინდა ადგილი, დიდ წინაპართა ნააკვნარი, სალოცავ ხატად ქცეული მიწა, რომელთაც მოკრძალებით ეთაყვანება: მესხეთი, ტანძია, სხვიტორი, ჩარგალი, მაგრამ მათ შორის ყვარელი მაინც მრავალფიქრთა და გრძნობათა აღმძვრელია ქართველთათვის.

22.   საუცხოო ბუნება არტყია გარს სოფელ ყვარელს. ჩრდილოეთით ახლაც, ციხიდან აღმართულია ხშირი ტყით შემოსილი მაღალი მთები... რაღაც საიდუმლოება ჰმეფობს ამ ტყეში, არემარე ღრმა სიჩუმით არის მოცული, მხოლოდ ფრინველთა ჭიკჭიკი და ნაკადულთა ჩხრიალი არღვევს მყუდროებას.


23.   სოფლის ყველაზე ლამაზ ადგლს ილიას მამაპაპისეული მამული წარმოადგენს, სადაც დგას კოშკ-ბინა და ილიას მშობლებისეული სახლი. კოშკ-ბინა ადრე სამსართულიან ციხეს წარმოადგენდა. აქ თავს აფარებდნენ მტერთა უეცარი თავდასხმების დროს.

24.   საგულისხმოა, როცა დედა მშობიარობდა ილიაზე, ლეკები თავს დაესხნენ საცხოვრებელ ბინას. მშობიარე ქალი კოშკში შეხიზნეს და იქ დაიბადა ილია ბრძოლის ჟამს 1837 წლის 27 ოქტომბერს.


25.    ილიას მამა - გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძე

26.   მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყო  - იხსენებს ილია. ფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. მან ძალიან კარგი ზღაპრები იცოდა და ჩვენც გვიყვარდა ყურის-გდება ზღაპრისა.


27.   ხშირად გვეტყოდა „ყველას უყვარს შვილებო, თავის ქვეყანა და როცა უჭირს ძალიან ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გაიმეტოს.

28.   ილას დედა - მარიამ ქრისტეფორეს ასული ბებურიშვილი

29.  დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა - იხსენებს ილია. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი ან ხელნაწერი.

30.   საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს. მეორე დღეს კი გვკითხავდააბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენც დიდად ვაფასებდით.


31.        1845 წელი

32.  ,,სწავლა 8 წლის დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავართან ქართულის წერა კითხვით - იხსენებს ილია. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკითხველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა.


33.  გვიმბობდა მდაბიურად და ბავშვისათვის ადვილად გასაგების ენით უფრო საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.

34.   1852 წელი - თბილისის პირველი გიმნაზია


35.   მთელი მაშინდელი პედაგოგიური სიბრძნე ერთადერთი წესით გამოიხატებოდა: გაკვეთილების სწავლა ზეპირად, ე.ი. შეუგნებლად და ყოველი დანაშაულისთვის ხელისგულზედ ცემა - იხსენებს ილია.


36.      1857 წელი  -  ილია მიდის პეტერბურგში


37.    სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
  მაგრამ თქვენ ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
  თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
  თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!


38.  პეტერბურგში ჩასული ილია ჩაირიცხა უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი დღე-ღამის განმავლობაში ხშირად 18-20 საათს მუშაობდა.

39.  უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ჩვენ სტუდენტები,  ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო საკითხებზედ ,  აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულ სამშობლოს მომავალზე, ხშირად ვკითხულობდით ქართულ წიგნებს - გადმოგვცემს კოტე აფხაზი.

40.   ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომების პერიოდს. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში  და 1860 წლის გაზაფხულზე კი ლექსით მიესალმა ევროპელი ლიდერების გამოსვლებს.


41.   მესმის, მესმის სანატრელი
ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა!
სიმართლის ხმა ქვეყნადა ჰქუხს
დასათრგუნვლად მონობისა.
42.   აღმიტაცებს ხოლმე ის ხმა
 და აღმიგზნებს იმედს გულში...
 ღმერთო, ღმერთო! ეს ხმა ტკბილი
 გამაგონე ჩემს მამულში!

43.   უნივერსიტეტში ილია საფუძვლიანად გაეცნო რუსულ და ევროპულ ლიტერატურას. სტუდენტობის წლებში ილია ხშირი სტუმარი იყო ეკატერინე ჭავჭავაძის სალონისა.         სწორად აქ იღვიძებს ინტერესი ნიკოლოზ  ბარათაშვილის შემოქმედების მიმართ.

44.     ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა
   უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა;
   დედის ნანასთან ქვითინი მთისა
   მას უმზადებდა მომავალ გმირსა...

45.   გაჰქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა,
   კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა,
   სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა,
   თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.

46.    მითხარ, — სადღაა მამა-პაპური
   მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური,
   სახელისათვის ამაყი თრთოლა,
   მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?



46.    მას ნუღარ ვსტირით; რაც დამარხულა,
         რაც უწყალოს დროთ ხელით დანთქმულა;
         მოვიკლათ წარსულ დროებზედ დარდი...
          ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
          ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
          ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს...

 47.     აქ არის, დედავ, შენი მაღალი
           დანიშნულება და საღმრთო ვალი!
          აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
          საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას, —
          შთააგონებდე კაცთა სიყვარულს,
          ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -

 48.   რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს
         და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს...
         მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს,
        და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი, კაცურს.
         დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება:
        ისე აღზარდე შენ შვილის სული,
        რომ წინ გაუძღვეს ჭეშმარიტება,
         უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.









დედა-
               ის დღეა დღეს, რომ მამულს ვუძღვნა ძის სიყვარული,
               ან ძეს შევწირო საყვარელი დიდი მამული...
                ამ ორის გრძნობის ბრძოლა გულმა ვით გადიხადოს?
                ძის სიყვარული თუ მამულის, — რომელი დასთმოს?..
                ეჰა, ამ დღისთვის გაგიზარდე, მამულო, შვილი,
                 სიცოცხლე მივეც, რომ შეიძლოს შენთვის სიკვდილი...
                დედისერთა მყავს, მაგრამ შენთვის მე მას ვშორდები.
               ვინ იცის, შვილო, რომელს ველზედ მტრისგან მოჰკვდები?
              დამტირებელი დედა ახლოს არ გეყოლება,
               მის ცხარე ცრემლი სისხლიანს მკერდს არ გეპკურება,
               დედისა ხელით ვერ შეიხვევ განგმირულს გულსა
              და ეგრეთ შენს თავს მტლად დაუდებ შენსა მამულსა!..
             შენს სიკვდილშია ჩემი ვაიც და ნეტარებაც,
             მისთვის, რომ მე ვარ დედა შენიც და ქართვლის დედაც:
             ვით დედა შენი, იმ სიკვდილით შენით ვივაებ,
             ვით ქართვლის დედა ვინეტარებ და ვისახელებ. 

  შვილი -
              მოვიდა დიდ ხნის სანატრელი, დედავ, ამბავი:
              ჩვენი ქვეყანა, საქართველო, გაღვიძებულა,
             მთელი კავკასი, მტერზედ რისხვით აღმომქშინავი,
            ერთისა აზრით, ერთის გრძნობით აღელვებულა.
            მომილოცნია!.. გაგვითენდა ძლივს ბნელი ღამე!..
            მაგრამ შენ სწუხხარ, თითქო ამ თქმით მე ვერ გაამე.

დედა  -
            მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომე ჩემს სიბერესა
            სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი,
            მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა
            მხოლოდღა ერთი შეაკვდება ჩემგან შობილი.
            ვაი, რომ ჩემის სიცოცხლისა მზე მაშინ ჩადის,
            როცა ამოდის ჩემის ქვეყნის მზეი დიადი!..
            ვაი, რომ ბინდი დღეთა ჩემთა სიკვდილს მიქადის,
            როს ჩემის ხალხის დიდებისა სჩანს განთიადი!
            ამაზედ ვწუხვარ... მაგრამ ამას რაღა ეშველოს?
            ღმერთს მარტო ერთს ვსთხოვ, მკვდარი დედა ძემ ასახელოს.

შვილი  -
                როგორ? მეც მგზავნი საომრადა, დედისერთასა,
               რომ თავი დავსდო მამულისა ჩვენის სახსნელად?
დედა  -
               სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა,
               რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად...
              ღმერთმა გვაშოროს, შვილო ჩემო, იმა სირცხვილსა,
              რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
              ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა,
              მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებიან...
              ვაჟკაცად იყავ, — ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.

შვილი  -
             მშვიდობით, დედი!.. შენ ჩემზედა ნუ დაღონდები,
             ცოცხალი მოვალ, თუ არა და ისე მოვკვდები,
             რომ ჩემს სიცოცხლეს ამჯობინო ჩემი სიკვდილი...
            ნუ სტირი, დედი! გზადა ვდგევარ, დამლოცე  შვილი. 
დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია,
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა,
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა.
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მიეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ სრბოლა,
მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
დედაო ღვთისა, შენთვისა ჰბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამიდან არ იციან, რა არს მშვიდობა
მიიღე მათი პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, შეისყიდეს ტანჯვით შენდობა
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!

      




        49.  1861 წელი  - ილია კვლავ ბრუნდება სამშობლოში

50.   როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მერას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?

51.   ვინ იცის: იქნება მე ჩემმა ქვეყანამ ზურგი შემომაქციოს, როგორც უცხო ნიადაგზედ გადარგულსა და აღზრდილსა? იქნება ზურგიც არ შემომაქციოს, იქნება მიმითვისოს კიდეცა, რადგანაც ჩემში მაინცდამაინც ჩემის ქვეყნის დვრიტაა დადებული.


52.  მაგრამ მაშინ რა ვქმნა, რომ ჩემმა ქვეყანამ მიამბოს თავის გულისტკივილი, თავისი გლოვის ფარული მიზეზი, თავისი იმედი და უიმედობა, და მე კი, მის ენას გადაჩვეულმა, ვერ გავიგო მისი ენა, მისი სიტყვა?

53.  იქნება მიმიღოს კიდეც და, როგორც თავისი შვილი, გულზედაც მიმიკრას და ხარბად დამიგდოს ყური, მაგრამ მე შევძლებ კი, რომ მას ღვიძლი სიტყვა ვუთხრა და იმ სიტყვით გულისტკივილი მოვურჩინო, დავრდომილი აღვადგინო, უნუგეშოს ნუგეში მოვფინო, მტირალს ცრემლი მოვწმინდო, მუშაკს შრომა გავუადვილო?

54.  საქართველოში ჩასული ილია თავის გარშემო იკრებს ახალ თაობასსაფუძველს უყრის საზოგადოებრივ დაჯგუფებასპირველი დასიდა ახალი ძალებით იწყებს ლიტერატურულ ბრძოლას.

55.  მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული,
ჰოი, მამულო, გამიკრთა მე ძილი და შვება!
შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული,
ღამე თენდება ეგრეთ ჩემი და დღე ღამდება.

56.  დაჟინებითა ფიქრი ფიქრზედ მოდის , გროვდება,
გრძნობა გრზნობაზედ შეუპოვრად იძვრის ჩემს გულში,
 და მე არ ვჩივი, - მიხარიან, რომ ეგრეთ ჰშვრება
 ჩემი ცხოვრება შენსა ფიქრში, შენს სიყვარულში.




57.  მაგრამ მამულო, ჩემი ტანჯვა მხოლოდ ის არი,
ის არი მხოლოდ სავალალო და სამწუხარო,
რომ შენს მიწაზედ, ამდენ ხალხში , კაცი არ არი,
რომ ფიქრი ვანდო, გრძნობა ჩემი განვუზიარო!


58.   1863 წელი - ილია ჭავჭავაძემ ცოლად შეირთო  ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი


59.   მეუღლე ილიასი იყო კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი. დიდად მოსიყვარულე თავისი ქმრისა. ილიას სიტყვა მისთვის კანონი იყო.


60.   როცა წუხილი მჩაგრავს უწყალოდ,
კაცთან არ ვილტვი მის განქარვებად;
მყის თავისთავად ლაღი, უბრალო
სიმღერა მორბის ნუგეშსაცემად.

61.   და იმ სიმღერას ჩემს წუხილს ვანდობ,
ის ჩემებრ არი სევდით ბურვილი,
მის მწუხარ ხმებში ჩემს გულის ხმას ვცნობ
და  მევე მიყვარს ჩემი წუხილი.


62.  მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;

63.  მე დაგყურებდე ტრფიალებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
მწყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

64.  ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...


65.   რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ ცრემლსა
ჰბადავს ჩემს თვალში ეს სიყვარული;
მისთვის, რომ მტანჯველს ჩემს ავსა ბედსა
უფრო სასტიკად ებრძვის ეს გული.

66.   რისთვის მიყვარხარ? მისთვის, რომ შენს თვალს
ჩემ გულის ალი არ უდნობს ცრემლსა,
მისთვის მიყვარხარ, რომ მაძლევ ტანჯვას
და იმ ტანჯვაში სრულ სიცოცხლესა.

67.   1877-1900 წლებში ილია ჭავჭავაძე აარსებს ჟურნალივერიას’, სადაც იბეჭდება მისი მრავალი ლექსი თუ პოემა.

68.    გალობ და ვგალობ
  და იმით ვხარობ,
  რომ მე ქვეყანას
  გალობით ვატკბობ.

69.    ჩემია წერა:
  მღერა და მღერა,
  ლხენა, გალობა,
  თავისუფლობა.

----------------------------------------------------------------------------------------------------


70.   რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით. შევინახეთ ჩვენი თავი, შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი. ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით.




71.   აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის... რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

72.   ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი. და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, ცოლ-შვილნი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმოწონებით ვეძახით. ცოდვა არ არის, ეს ერი მოსწყდეს; ცოდვა არ არის, ეს ლომი კოღომ საბუდრად გაიხადოს, ცოდვა არ არის, მელა-ტურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში. რათ? რისთვის? ვის რა ვირი მოვპარეთ? რა გითხრათ? რით გაგახაროთ?

73.   ყველა ეს შევძელით და  რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლმთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე. მისი ფარ-ხმალი, ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყავით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა...


74.   ხმლიანმა მტერმა ვერ დაგმათმობინა, ვერ წაგვართვა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ქვეყანა. ხმლიანს მტერს გავუძელით, გადავრჩით, ქვეყანა და სახელი შევინახეთ, სახსენებელი არ ამოვიკვეთეთ, შევირჩინეთ, საქოლავი არავის ავაგებინეთ. ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო-რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსული კი თან გაგვიტანს, ფეხ-ქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვწყვეტს. სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერს ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან. შრომასა და გარჯას, ცოდნასა და ხერხს ვერავინ-ღა გაუძლებს, თუ შრომა და გარჯა, ცოდნა და ხერხი წინ არ მივაგებეთ, წინ არ დავახვედრეთ, წინ არ დავუყენეთ. ვართ კი ყოველ ამისთვის მზად? ან გვეტყობა რაშიმე, რომ ყოველივე ეს ვიცით და ვემზადებით?.. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?
75.   არ ვიცით - რანი ვყოფილვართ, არ ვხედავთ - რანი ვართ, ვერ გამოგვისახია - რანი ვიქნებით. ყურებში ბამბა გვაქვს დაცული და თვალებზე ხელი აგვიფარებია. არც არაფერს ვხედავთ, არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგევართ და საკმაოა ხელი გვკრან - და შინ გადავიჩეხებით დედაბუდიანად. ორბი, არწივიც კი ვეღარ გვიპოვის, ვეღარ დასწვდება ჩვენს ძვლებს, რომ გამოხრან, გამოსწიწკნონ, ისეთი ღრმაა ეს თხრილი, ისეთი უძირო. ვდგევართ და უღონოდა ვბზუითმე ვარ და ჩემი ნაბადიოდა ამ ბზუილიდან არა გამოდის-რა. იქნება იმიტომ, რომ ყველა ბუზი კი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის.

76.  ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?
რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,
ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში
ბოროტთ საკლავად, — მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ.

77.   თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა,
რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი:
აგვიყოლია სიყრმიდანვე ჩვენ ქართვლის ბედმა
და დაე გვძრახონ, — ჩვენ მის ძებნით დავლიოთ დღენი.

78.   ჩემზედ ამბობენ: „ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!”
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!

79.  დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

80.  დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.




81.  ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

82.  დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!

83.  მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელ ქვეყანას ზედ მოჰფენოდა,
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქებოდა.

84.  არსაიდან ხმა, არსით ძახილი!...
 მშობელი შობილს არას მეტყოდა,
ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი
 ქართლის ძილშია კვნესა ისმოდა!

85.   ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
 კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
 ოხ, ღმერთო ჩემო სულ ძილი, ძილი,
 როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება!

-----------------------------------------------------------------------------------------------------

86.  ეროვნული თავისუფლება ! ეროვნული დამოუკიდებლობა!

87.  ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ვითარცა ერი - ხვალ, ზეგ, მერმის?

88.  გადავრჩებით თუ ვერ გადავრჩებით, ვიარსებებთ თუ ვერ ვიარსებებთ ?

89.  აი, მარადიული შემარყეველი საფიქრალი და საკითხავი მცირერიცხოვანი ერებისა, მცირერიცხოვანი და აქტიური ერებისა.

90.  არიან დედამიწაზე ბედნიერი ერები, რომელთაც ეს უცნაური საფიქრალი არ ეფიქრებათ, ხოლო ქართველმა ხალხმა მთელი თავისი ისტორია სწორედ ეროვნული გადარჩენის, ეროვნული თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლებში გამოატარა.

91.   მაგრამ დანასისხლად გადამტრებული საისტორიო ბედისწერისაგან ქართველ ერს მაინც დასდევდა ის იღბალი, უმძიმეს დროს გამოჩენილიყო ვინმე ეროვნული წინამძღოლი, მოძღვარი, ერისმთავარი, რომელიც ზეგარდმო ნიჭით, უტყუარი ალღოთი უწინამძღვრებდა ხალხს და გადაარჩენდა დაღუპვას. სწორედ ასეთი ჭეშმარიტი ლიდერი აღმოჩნდა  ილია ჭავჭავაძე.


92.  მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო
 
ვით ფრინველმა გარეგანმა;
 
არა მარტო ტკბილ ხმებისთვის
 
გამომგზავნა ქვეყნად ცამა.

93.  მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის,
მიწიერი ზეციერსა;
ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,
რომ წარვუძღვე წინა ერსა.


94.  დიდის ღმერთის საკურთხევლის
მისთვის ღვივის ცეცხლი გულში,
რომ ერისა მოძმედ ვიყო
ჭმუნვასა და სიხარულში;

95.  რის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
 დამედაგოს მტკიცე გული...


96.   მაშინ ციდამ ნაპერწკალი
თუ აღმიფეთქს გულში ცეცხლსა,
 მაშინ ვიმღერ, მხოლოდ მაშინ
  მოვსწმენდ ერსაც ტანჯვის ცრემლსა!

-----------------------------------------------------------------------------------




97.  და დამდგარიყო ქრისტეს აქეთ წელი 1907, თვე აგვისტო, რიცხვი 30,  დღე ხუთშაბათი. ერთი საათი ილია ჭავჭავაძის მკვლელობამდე.

98.   მწვანე სუფრა და შავ გულთა ძგერა წიწამურის ტყეში. სუფრის გარშემო შავგულიანი 12 კაცი.


99.   დგანან და ელიან სიკვდილით დატენილი თოფებით, უფლის მკვლელობით ისტორიაში   შესასვლელად ემზადებიან საკუთარი სულის მესაფლავენი.

100. მზე საშუადღეოზე დაეყუდა - მძვინვარე, ცხელდორბლიანი. ილიას  მკვლელობამდე -  45წუთი.

101.  თბილისიდან წამოსული ეტლი ავჭალას გასცდა. 2 000 ნაბიჯი - წიწამურის ტყემდე, 40 წუთი წიწამურის თოფის გავარდნამდე.

102.  ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღაბებულ ერთ-სულ და  ერთ-ხორც მკვდართა  - ერთ-სულ და ერთ-ხორც.  ერი ჩვენი, ერი ქართველი, გონებით საკვირველი , სინდისით...


103.  1500  ნაბიჯი წიწამურის ტყემდე. 30 წუთი - წიწამურის თოფის გავარდნამდე.

     104.   ქართვლის სამკვიდროვ, ქვეყნის თვალად დაბადებულო,
      
        რამდენს ვაებას შენსა თავზედ გადაუვლია!..
      
        ჯვარცმულის ღვთისთვის თვით ჯვარცმულო და წამებულო,
ეკლიანს გზაზედ შენებრ სხვასა რომელს უვლია?

      105.  წამხდარა ყველა, ის ღონე და ის ძლიერება,
               მტვრად გარდაქმნილა ახოვანი იგი ცხოვრება,
              აწ იგი თითქო თვის დენაში შეყენებულა...
              ხოლო ოდესღაც მოდენილა თვის ფართო გზაზედ.

      106.  1 000 ნაბიჯი  წიწამურის ტყემდე. 20 წუთი- წიწამურის თოფის  გავარდნამდე..

      107.  ჩვენო არაგვო! რარიგ მიყვარხარ!..
               ქართვლის ცხოვრების მოწამე შენ ხარ...
                შენს კიდეებზედ ჩემი მამული
                იყო ერთ დროსა გამშვენებული
        108.  ჩემის მამულის დიდება ძველი
                შენს წმინდა თვალწინ აღყვავებულა,
                მიყვარხარ მისთვის, რომე ქართველი
               აქ შენს კიდეზედ დაბადებულა.

       109.   500 ნაბიჯი  წიწამურის ტყემდე. 10 წუთი - წიწამურის თოფის  გავარდნამდე.

110.      მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
      მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
      არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
     არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...

111.   არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
   შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
   რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
   გთხოვდე: ”შეუნდე, - არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

112. 10 ნაბიჯი წიწამურის ტყის პირიდან. 1 წუთი ილიას მკვლელობამდე...    ვაი თქვენ უგუნურნო და უბადრუკნონ, რამეთუ თქვენ თვითონ მოჰკალით შემოქმედი ღმერთი თქვენი.


114.ილია უკვე ფეხზე იდგა ჭაბუკურად გაფიცხებულიშესდექით, უბედურნო, ილია ვარ!’  და წამსვე ოთხი თოფი გავარდა ერთად წიწამურის ტყეში.


115.იქნებ,მაინც უკანასკნელად ეს სიტყვა გაფითრდა და გაშრა მის გრძნეულ ბაგეზე:
"
სა-ქართ-ველო"...

116.მკვდარი ესვენა თავადი აზრი და სინდისი საქართველოისი. საქართველოს უგვირგვინო მეფე, მაინც გვირგვინით აღსრულებული, წამების, ვნების, ეკლის გვირგვინით.



117.ვერაფერს ვიტყვი. ენა დუმს,
 თავზე დაგვჩხავის ყორანი.
 გაღმა გასვლისა მსურველთა
 უკუღმა მიგვყავს ბორანი.

118.ქართლის აზრი და სიმღერა იყავ,
დროშა მღელვარე , ტარ-უკრთომელი,
მისთვის სიცოცხლის ბეწვი გაიყავ
უფრო მეტის ღწვის იყავ მდომელი.

119.ნისლი ესვია წიწამურს ტყიანს
და იდგა დარი მკაცრი და ქუში,
მტრებმა იმიტომ გესროლეს ტყვია
საქართველოსთვის მოერტყათ გულში.

120. თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ იმასთან ერთად შენც უკვდავი იქნები.

121.  ჟამთაღმრიცხველი ქართველი ერის ასმეათე წელს ითვლის უილიაოდ.


122. 110 წელია მისი ხსენებაც კი გვწვრთნის ჩვენ. გვაადამიანებს, წინ მიუძღვის ერს.

123. 110 წმინდა სანთელი აგვინთია უილიაოდ გატარებული წლებისათვის და ჩვენც ავენთოთ წმინდა სანთლებად.


124. დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან,
მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი
ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან,
თქვან: აღასრულა მან თვისი ვალი;

125. მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა!





















No comments:

Post a Comment